ივანე ფალავანი

იყო ერთი მეფე და ჰყავდა ერთი ფალავანი. ამ ფალავანს დევკაცი ერქვა სახელად. მართლაც რომ დევს ჰგავდა: მთელ სახელმწიფოში მისი მომრევი არ მოიპოვებოდა. დევკაცს სახე კაცისა ჰქონდა, ხოლო ტანი კი დევს მიუგავდა და მასავით ხშირი ჯაგრითა ჰქონდა დაფარული.
მეფე ძალიან ამაყობდა ასეთი ღონიერი ფალავნით, თან კი ცდილობდა მის სახელმწიფოში მასზე უფრო ღონიერი ეპოვნა ვინმე. ეს სურვილი ისე აეკვიატა, რომ დღე და ღამ არ აძლლევდა მოსვენებას.
და აი მეფემ დაგზავნა კაცები: წადით, მოიარეთ მთელი ქვეყანა და ისეთი კაცი მომგვარეთ,რომელიც ჩემ დევკაცს დაეჭიდოს და წააქციოსო.
წავიდნენ მეფის კაცნი. მოიქანცნენ სიარულით, მაგრამ ვისა ჰქონდა თავი მოსაკლავი? შორს გავარდნილიყო დევკაცის სახელი და ვერავინ ვერ ბედავდა მასთან დაჭიდებას.
და აი, მეფის კაცება ჩაუარეს ერთ პატარა ქოხს, ქოხის გვერდზე ერთი ბალღი ჩაცუცქულიყო და თან პურსა სჭამდა. ეს რომ მეფის კაცებმა დაინახეს ძალიან გაუკვირდათ.
_რასა შვრები, შე საძაგელო, ადე, თორემ დევკაცი მოვა და გცემსო, – უთხრა ერთმა მეფის კაცმა.
_ ვერაფერსაც ვერ დამაკლებს თქვენი დევკაციო, – მიუგო ბიჭმა.
_ მართლა, დევკაცის მოჭიდავე კაცს ვეძებთ და ხომ არ წამოხვალო, – უთხრეს დაცინვით.
_ რატომაც არაო, – მიუგო თამამად ივანემ (ასე ეძახდნენ ამ ბიჭს), – წამიყვანეთ თქვენ მეფესთანო.
მეფის კაცებს ძალიან გაუხარდათ, რომ ისეთი კაცი იშოვეს, რომელიც დევკაცთან ბედავდა დაჭიდებას.
_ რა გვენაღვლება, თუ ეს კაცი დევკაცის სწორი სულაც არაა, თვითონ ხომ ამბობს დავეჭიდებიო, – და ივანე მართლაც წაიყვანეს მეფესთან.
მეფეს რომ მოუყვანეს, ძალიან გაუკვირდა, ეს ბალღი რას გაუძლებს ჩემ ფალავანსო და შეეკითხა ივანეს:
_ ეჭიდები დევკაცსა?
_ რატომაც არა, თქვენი დევკაცი ვინა გდია, რომ ვერ დავეჭიდო, – მიუგო ივანემ, – ოღონდ ერთი თვე თავის ნებაზე მიმიშვით სასმელ-საჭმელზე და წითელ ღვინოს ნუ მომაკლებთო.
მეფე დასთანხმდა და ერთი თვე სულ ჭამა-სმაში გაატარა ივანემ; ერთ დღეში იმდენსა მატულობდა, რასაც სხვები წლობით ვერა მატულობდნენ.
დანიშნეს ჭიდაობის დღეც.
უამრავი ხალხი მოზღვავდა ჭიდაობს საყურებლად და უშველებელი წრე გააკეთეს.
გადმოვიდა დევკაცი. გადმოხტა ივანეც, მაგრამ რა გადმოხტა, სულ მაღლა-მაღლა ფრინავდა და მთელ წრეს ისე უვლიდა.
ამაოდ აცეცებდა ჰაერში ხელებს დევკაცი ივანეს დასაჭერად, ვერაფრის გზით ვერ მოიგდო ხელში.
უეცრად ივანე შეხტა მაღლა და მაღლიდან დაეცა დევკაცს, დაეცა და კიდევაც მოიქვეშია. მაყურებლებმა ყიჟინა და ტაში დასცხეს გამარჯვებულს, ხოლო დევკაცს კი ‘ბიიბუუს” ძახილი დაუწყეს.
დამარცხდა დევკაცი და მეფემაც აღარ დააყენა იგი თავის ფალავნად. ახლა ივანე-ფალავანი დაიტოვა თავის კარზე მეფემ.
გაშვებულ ბუღასავით დადიოდა ივანე-ფალავანი სასახლის კარზე. არაფერს არ აკეთებდა, მაგრამ სასმელ-საჭმელი სულ თავპირზე საყრელი ჰქონდა. მხოლოდ ეს კია, რომ უამრავ ფალავანს, დაქადნებით მოსულს სასახლის კარზე, აჯობა და მრავალჯერ გაახარა მეფე. მეფეს ძალიან უყვარდა ივანე-ფალავანი და თავიდან არ იშორებდა.
ერთხელ სასახლის აივანზე ხელმწიფის ორი უფროსი ქალი გადმომდგარიყო (სულ სამი ქალი ჰყავდა მეფეს, რომელთაგან უმცროსი ძალიან მოსწონდა ივანეს და ქალსაც ივანეზე ჰქონდა გული შევარდნილი). ახლოს გაუარა ივანე-ფალავანმა და ერთი ორი მარილიანი სიტყვა გადაჰკრა.
იუკადრისეს მეფის ქალებმა: ვიღაც გლეხის ბიჭია და შეხე როგორ გაგვითამამდაო.
_ წადი, შე საძაგელო, აქედან, ჩვენი ტოლი ხომ არა ხარ, ასე თამამად რომ გველაპარაკებო, – უთხრეს მეფის ქალებმა და შებრუნდნენ სახლში.
ამის შემდეგ აითვალწუნეს უფროსმა ქალებმა ივანე-ფალავანი და ერთხელ, იმ მიზნით, რომ როგორმე დაეღუპათ იგი და თავიდან მოეშორებინათ, შეუჩნდნენ თავის მამას.
_ იცი, მამავ, აბა და ამ ადგილას ერთი სამთავიანი დევი ცხოვრობს, ამ დევს ეზოში უკვდავების ვაშლი უდგას. ის ვაშლი ყოველ თვე ახალ ნაყოფს იძლევა და ვინც იმ ვაშლს შესჭამს არასოდეს არ მოკვდება. რა კარგი იქნებოდა, მამავ, ის ვაშლი ჩვენ რომ გვედგასო.
_ კარგი კი იქნებოდა, შვილებო, მაგრამ აბა ვინ გაბედავს იმის მოტანას, ვინაა გიჟი, რომ ტყუილ-უბრალოდ გასწიროს სიცოცხლე და დევს თავი შეაკლასო.
_ტყუილ-უბრალოდ რადა? ჩვენი ივანე-ფალავანი განა ვერ მოერევა დევსა? გაგზავნე და მოატანინე, – მიუგეს ქალებმა.
მეფეს ჭკუაში დაუდა ქალების რჩევა და დაიბარა ივანე-ფალავანი.
_ ამა და ამ ადგილას ერთ დევს უკვდავების ვაშლი უდგა და ის ვაშლი უნდა მოიტანო და ჩენს ეზოში დარგაო.
_ დიდი სიამოვნებითო! – უპასუხა ივანე-ფალავანმა და გაემართა იმ ქვეყნისაკენ, სადაც ის დევი ცხოვრობდა.
ბევრი იარა თუ ცოტა იარა, მიაღწია დევის სასახლესაც და შევიდა მის ეზოში. უშველებელი ვაშლი იდგა დევის ეზოში და სულ წითელ-ყვითელი ვაშლი ესხა. ივანე-ფალავანმა ჰკრა წიხლი და მთელმა ვაშლმა ხუილი მოიღო ძირსა, ერთი ვაშლიც კი არ დარჩენილა ხეზე.
მიადგა ამ ვაშლს ივანე-ფალავანი და ერთიც არ გაუშვა შესაჭმელი. რო გაძღა, წამოწვა ვაშლის ჩრდილში და დაისვენა.
დევი რო გარეთ გამოვიდა, გაოცდა, ეს ვინ მოსულა აქაო, – და დაუძახა:
_ ვინა ხარ, რომ ასე გათავხედებულხარ და ჩემი ეზო შემოგილახიაო, – თქვა ესა და ეცა ივანე-ფალავანს. მოიქნია დევმა და ჩაასო მუხლამდე მიწაში. ამოხტა ივანე-ფალავანი, მოიქნია დევი და ჩაასო ყელამდე მიწაში. მოუქნია ხმალი და ორი თავი მოაგდებინა. ის-ის იყო უნდა დევისთვის მესამე თავიც მოეგდებინებინა, რომ დევი შემოეხვეწა:
_ ოღონდ ნუ მომკლავ და შენი ყმა ვიქნებიო: ერთ ისეთ რაშს გაჩუქებ, რომ მთელ ხმელეთზე ვერ იშოვი ისეთი და ერთ ისეთ სარკეს მოგცემ, რომ შიგ ჩაიხედო და რომელ ცხოვლადაც ინატრო, გადაიქცე, ჩაიხედო მეორედ და ისევ კაცად გადაიქცეო.
_ კარგი, მიჩუქებია სიცოცხლეო. – უთხრა ივანე-ფალავანმა და გაუშვა დევი. გახარებულმა დევმა ივანე-ფალავანი სახლში შეიპატიჟა და აქეიფა, წამოსვლისას გამოიყვანა რაში და მისცა, ამოიღო სარკე და ისიც ივანე-ფალავანს აჩუქა.
_ ვაშლიც უნდა მომცე, იმისთვის გამომგზავნა მეფემაო, – უთხრა ივანე-ფალავანმა.
_ კარგი, მაგისთვის როგორ გაწყენინებო, – უთხრა დევმა და თავის ხელით ამოუგლიჯა ძირიანად.
გადაჯდა დევისეულ რაშზე ივანე-ფალავანი, ჩაიდო დევისეული სარკე ჯიბეში, გაიდო ვაშლი მხარზე და გამოსწია სახლისკენ.
_ თუ რაიმე გაგიჭირდეს ჩემი სახელი ახსენე და იმ წამსვე იქ დავიბადენიო, – მიაძახა დევმა უკანიდან.
მოვიდა ივანე-ფალავანი და მოუტანა ვაშლი მეფეს. ჩაჰკრა მიწას ერთ ადგილას წიხლი და დარგო ეზოში.
გადიოდნენ დღეები, თვეები, წლები, მაგრამ ვაშლი არა ჰყვაოდა და არც ნაყოფს ისხამდა.
უკვირდა ყველას.
_ ალბათ ის ვაშლი არააო, – ამბობდნენ ერთნი.
_ თუ გინდა სხვაც იყოს, რატომ არ ხარობსო, – ჰკვირობდნენ მეორენი.
მაინც არ სცხრებოდნენ ქალები, უნდოდათ როგორმე თავიდან მოეშორებინათ ივანე-ფალავანი და აი კვლავ შეუჩნდნენ მეფეს.
_იცი, მამავ, მავან და მავან ადგილას სამნი ძმანი დევები ცხოვრობენ და სამთავეს ოქოსფაფარიანი რაშები ჰყავთ, რა კარგი იქნებოდა, რომ შენა გყავდეს ის ცხენებიო.
_ აბა, ვინ მომიყვანს, შვილებო, ვისა აქვს თავი მოსაკლავი, ვინ შეებრძოლება იმათაო, – მიუგო მეფემ.
_ ჩვენი ივანე-ფალავანიო, – მიუგეს ქალებმა, – მაგან ისეთი საშინელი დევი დაამარცხა, რომ იმათი დახოცვა იმას რა გაუხდებაო.
მეფეს ქალების რჩევა ჭკუაში დაუჯდა და ივანე-ფალავანი დაიბარა.
_ აქა და აქ რომ სამნი ძმანი ცხოვრობენ, იმათი რაშები უნდა მომგვაროო.
_ დიდი სიამოვნებითო, – უპასუხა კვლავ ივანე-ფალავანმა და გაემართა იმ ქვეყნისაკენ, საითაც დევები ცხოვრობდნენ.
შუა გზაზე რომ მოვიდა, მოაგონდა თავისი ძმობილი და იიქრა, მოდი ერთი ვახსენო, ისნებ დამეხმაროს ამ გასაჭირშიო. ახსენა დევი და მართლაც იმ წუთში დაიბადა მასთან.
_ რა გაგჭირვებია, ჩემო ძმაო, როგორა ხარო.
_ რაღა რა გამჭირვებია, მეფემ მიბრძანა, აქა და აქ რო სამნი ძმანი დევები არიან, იმათი რაშები მომგვარეო. იქ მივდივარ და წამომყევიო.
_ ძალიან კარგი, – უთხრა დევმა და გაჰყვა ივანე-ფალავანს.
ბევრი იარეს, თუ ცოტა იარეს, მიუახლოვდნენ დევების სასახლესაც.
ივანე-ფალავანმა დევი თავის რაშიანად ერთ კუნძულზე დასტოვა. გაავსო წყლით ჯამი და ზედ ერთი კელაპტარი დაარჭო.
_ იყავი აქ, მე კი წავალ დევებთან საბრძოლველადო. უყურე ამ ჯამს და როცა წყალმა გაწითლება დაიწყოს და კელაპტარი ჩაქრეს, ეს იმის ნიშანია, რომ მე მიჭირს და მაშინ აუშვი რაში და იმან თვითონ იცისო.
გასწია ივანე-ფალავანმა დევებისაკენ. ღამდებოდა. ივანე-ფალავანი სწორედ იმ გზაზე მივიდა, რომელიც დევების სასახლისაკენ მიდიოდა და ჩასაფრდა ერთ მოხერხებულ ადგილას.
ვახშმობამ რომ მოატანა, ჩამოიარა უფროსმა ძმამ – სამთავიანმა დევმა და იმ ადგილს რომ მიუახლოვდა, სადაც ივანე-ფალავანი იყო დამალული, დევის რაშმა შეჰფრუტუნა და ფრთხობა დაიწყო…
_ აჩუ, შე სამგლევ, აქ რა ივანე-ფალავანი დაგიხვდებაო, – დასჭყივლა რაშს დევმა.
_ აქა ვარ ივანე-ფალავანი და აბა, თუ ბიჭი ხარ, დამხვდიო, შესძახა ივანე-ფალავანმა, მიუხტა დევს და მაშინვე მოაყრევინა თავები. წამოიყვანა მისი რაში და გაიარა ცოტა გზა. ახლა მეორე დევს ჩაუსაფრდა ივანე-ფალავანი. როცა მეორე ძმაც იმ ადგილს მიუახლოვდა, საცა ივანე-ფალავანი იყო ჩასაფრებული, ცხენი შეფრთხა და გზა აღარ გააგრძელა.
_ აჩუ, შე სამგლევ, აქ რა ივანე-ფალავანი დაგიხვდებაო, – დასჭყივლა რაშს დევმა.
_ აქა ვარ ივანე-ფალავანიო, – მიუგო ივანე-ფალავანმა, ამოფრინდა, მივარდა დევს და ხმლის ერთი შემოკვრით მოაგდებინა ექვსივე თავი ერთად.
აიარა ცოტა ხევით და ახლა მესამე დევს ჩაუსაფრდა.
შუაღამემ რომ მოატანა, ჩამოიარა უმცროსმა ძმაა – ცხრათავიანმა დევმა. მოდის ცხენზე გადამჯდარი მთისოდენა დევი და მოღიღინებს.
იმ ადგილს რომ მოაღწია, საცა ივანე-ფალავანი იყო ჩასაფრებული, მისმა რაშმაც შეჰფრუტუნა, შეფრთხა და აღარ გადის გზას.
_ აჩუ, შე სამგლევ, რა გემართება. აქ რა ივანე-ფალავანი დაგხვდება წინაო, – დასჭყივლა ცხენს დევმა.
_ აქა ვარ ივანე-ფალავანიო, – შეუძახა ივანე ფალავანმა და მიუხტა დევს.
მაგრამ სხვებისავით ადვილი როდი გახდა ამ დევის მოკვლა. დევმა რომ ივანე-ფალავანს შეხვდა, ერთი გაიცინა, სტაცა ხელი, დაისვა ხელისგულზე და უთხრა:
_ ეხლა რომ მინდოდეს, ხელისგულზე მოგფშვნეტდი და სუ ნაცარმტვრად გაქცევდი, მაგრამ სხვანაირად უნდა მოგექცე, სხვანაირად უნდა მოიღო ბოლოო, – და ივანე-ფალავანი დაახეთქა მიწაზე.
მხრებამდე მიწაში ჩაეფლო ივანე-ფალავანი. ამოიღო დევმა ხმალი და ის არის უნდა თავი მოსჭრას, რომ ივანე-ფალავანმა უთხრა:
_ ჯერ ერთი შენი ყალიონი გამივსე და მომაწევინე და მერე რაც გინდა ის მიყავიო.
_ კარგიო! – დასთანხმდა დევი, გაუვსო თამბაქოთი ყალიონი და მიაწოდა.
უშველებელი ყალიონი ჰქონდა დევს, ერთი კკოდი თამბაქო ეტეოდა შიგ, და აი, ნელ-ნელა წევს ივანე-ფალავანი, არ უნდა რომ მალე გაათაოს, რადგან გაათავებს თუ არა ყალიონის წევას, გათავდება მისი სიცოცხლეც.
ის ოხერი რაშიც რატომ აღარ ეშველება? ტყუილად ელოდება ივანე-ფალავანი. ნეტავი რა დაემართათ? ნუთუ მიღალატა დევმა და აღარ აუშვა რაშიო? – ფიქრობს ივანე-ფალავანი.
ამ დროს კი დევს ღრმად ჩასძინებოდა და ვერ დაინახა, რომ ჯამში წყალი გაწითლდა და სანთელი ჩაჰქრა. ცხენმა ალღოთი იგრძნო თავისი პატრონის უბედურება და მორთო ჭიხვინი, მაგრამ რომ აღარავინ აუშვა, დაგლიჯა საბელი და გაიქცა ივანე-ფალავანის მისაშველებლად.
ის იყო ყალიონს ათავებდა ივანე-ფალავანი, რომ მოვარდა მისი რაში ჭიხვინით. მივარდა დევს, ჯერ ტორებით გასთელა და შემდეგ წიხლებიც კი მიაყოლა. მიუბრუნა კუდი ივანე-ფალავანს. მოსწია კუდით და მიწიდან ამოიყვანა. მივარდა წაქცეულ დევს ივანე-ფალავანი და მოაჭრა ცხრავე თავი. წამოიყვანა მისი რაშიც და გამოსწია სასახლისაკენ.
დევების სახლს რო მიუახლოვდა, იფიქრა: ერთი შევალ დევების სახლშიაო. ამოიღო ჯიბიდან სარკე, ჩახედა და კატად გადაიქცა. შეძვრა დევების ოთახში და წამოუცუცქდა კერას. სახლში დევების დედა და მათი ცოლები იყვნენ.
_ რატომ არ მოდიან ნეტავ ჩემი შვილები? – დაილაპარაკა დევების დედამ, – მე რომ ისინი ვინმემ დამიხოცოს, გზაზე ცეცხლად დავენთები და შიგ ჩავწვავ იმათ მომკლავსო.
_ მე კი, – სთქვა უფროსმა რძალმა, – ქარიშხალს ავტეხავ, გზაზე ერთ წისქვილად ვიქცევი, შიგ რომ შემოვა, თავზე დავენგრევი და მოვკლავო.
_ მე ხიდად გავედები წყალზე, ზედ შესდგება გასასვლელად და შიგ წყალში გადავაგდებო, – სთქვა საშუალო რძალმა.
– მე კი თოვლიან მთად ვიქცევი და ზედ გადასვლისას ჩემი ქმრის მომკვლელს ზვავს ჩავაყოლებო.
კატა გამოიპარა გარეთ, ჩაიხედა სარკეში და კვლავ ივანე-ფალავანად გადაიქცა. შეჯდა თავის რაშზე და გაუდგა გზას.
გზაზე საშინლად აცივდა, ისე აცივდა, რომ ივანე-ფალავანს სუ ბაგა-ბუგი დააწყებინა და აი, ივანე-ფალავანმა თვალი მოჰკრა უშველებელ ცეცხლს.
ის წყეული დევების დედა იქნება”, გაიფიქრა და შორს მოუარა ცეცხლს, მაგრამ ცეცხლი კვლავ მის წინ აღიმართა.
მაშინ ივანე-ფალავანმა ახსენა თავისი ძმობილის სახელი და დევიც ივანე-ფალავანთან დაიბადა.
_ მაპატიე, მაშინ დამძინებიყო და ვერარ გავიგე სანთლის ჩაქრობა! – შეეხვეწა დევი.
_ მიპატიებია, ოღონდ ამ გაჭირვებიდან დამიხსენიო, – უთხრა ივანე-ფალავანმა, – გზაზე ვერ გავსულვარ, ეს ცეცხლი კი არა, დევების დედააო.
მაშინ დევმა ამოიღო ხმალი, შემოკრა ცეცხლის ალს და მათ წინ დევების მკვდარი დედა გაიშხლართა.
გადმოაბიჯეს ზედ და წამოვიდნენ…
უფრო აცივდა. ახლა ერთი წისქვილი დახვდათ წინ. დევმა დაარტყა ხმალი წისქვილს და წისქვილი უცებ დევების მკვდარ რძლად გადაიქცა: ეს რძალი უფროსი ძმის ცოლი იყო.
ცოტა რომ გამოიარეს ახლა მდინარე დახვდათ წინ. ზედ ერთი ხიდი იყო გადებული. დაარტყა დევმა ხიდს ხმალი და ხიდი მკვდარ ქალად გადაიქცა. გაჰქრა მდინარეც.
ბევრი იარეს, თუ ცოტა იარეს, წინ ერთი თოვლიანი მთა აღემართათ. დევმა ახლაც იშიშვლა ხმალი, შემოჰკრა მთას და მათ წინ ცხრათავიანი დევის ცოლი მკვდარი დაეცა. გადმოაბიჯეს მათ და გამოსწიეს.
სამშვიდობოზე რო გადმოვიდნენ, დევი გამოემშვიდობა და წავიდა სახლში, ხოლო ივანე-ფალავანმა კი თავის რაშებიანად მეფის სასახლისაკენ გასწია.
მივიდა და მიურეკა მეფეს ცხენები. ამის შემდეგ ხარობდა მეფე ასეთი უშიშარი ფალავნით და თავის ფალავანს უხვად ასაჩუქრებდა.
უფროსი დები მაინც არ ასვენებდნენ და კვლავ შეუჩნდნენ მეფეს:
_ მავან და მავან ადგილას, ერთ ზღვაში ალმასისრქებიანი კამეჩები არიან და ისინი მიარეკინე ივანე-ფალავანსო.
მეფეს ეს რჩევა ჭკუაში დაუჯდა, დაიბარა ივანე-ფალავანი და უთხრა:
_ აქა და აქ, ერთ ზღვაში ალმასისრქებიანიკამეჩები ცხოვრობენ და ისინი უნდა მომირეკოო.
_ ძალიან კარგიო! – მიუგო ივანე-ფალავანმა, მაგრამ თვითონაც არ იცოდა რანაირად გამოიყვანდა ზღვიდან ალმასისრქებიან კამეჩებს.
ადგა მეორე დილით ივანე-ფალავანი და გაემართა იმ ზღვისაკენ, სადაც ეს კამეჩები ცხოვრობდნენ.
შუა გზაზე რომ მოვიდა, მოაგონდა თავისი ძმობილი დევი და ახსენა მისი სახელი.
დევი იმ წამსვე ფალავანთან დაიბადა.
_ რა გაგჭირვებია, ჩემო ძმობილო? – ჰკითხა დევმა.
ივანე-ფალავანმაც უთხრა, რაც გასჭირვებიყო. დევმა მაშინ ეს ურჩია:
_ წადი, ის კამეჩები საღამოობით ზღვის პირას გამოდიან წყაროს წყლის სასმელად, რადგან ზღვის წყალი მლაშე-მწარეა და არ უყვართ. წაიღე ერთი ხარის ტყავი და ერთი ფუთი ლურსმანი, გადააფარე იმ წყაროს ის ტყავი და დააჭედე მიწაზე ლურსმნებით. როცა კამეჩები გამოვლენ, წყალი აღარ დახვდებათ, შეგეხვეწებიან, ოღონდ წყალი დაგვალევინე და შენი ყმები გავხდებითო.
მართლაც ივანე-ფალავანმა შეასრულა დევის დარიგება. იყიდა ლურსმანი, ტყავი, მივიდა წყაროსთან, გადააფარა ტყავი და ლურსმნებით დააჭედა.
საღამო რომ მოახლოვდა, კამეჩები მართლაც გამოცვივდნენ წყლის დასალევად, მაგრამ წყარო რომ აღარ დახვდათ, დაღონდნენ და შეეხვეწნენ ივანე-ფალავანსა:
_ ოღონდაც წყალი დაგვალევინე და შენი ყმები გავხდებითო.
ივანე-ფალავანმა კამეჩებს წყალი დაალევინა და შემდეგ წამოასხა სახლში.
ეს კამეჩები თურმე გულთმისნებიც იყვნენ და ივანე-ფალავანა უთხრეს:
_ სანამ ის ორი უფროსი და ცოცხალია, მოსვენებას არ მოგცემენო; სულ იმათი საქმეა ესე განსაცდელშიც რომ ხარ ყოველთვისაო. სასახლეში რომ მიგვრეკავ, ორივეს რქებზე ავიცვამთ და მეფესაც თავიდან მოგაცილებთო.
მიიყვანა ივანე-ფალავანმა კამეჩები მეფის სასახლის კარზე, სასახლიდან ყველანი მათ სანახავად გამოვიდნენ. მაშინ კამეჩები გაექანენ, მეფის ორივე ქალიშვილი რქებზე წამოიცვეს და თვით მეფეც ზედ მიაყოლეს. ხალხმა მაშინ მეფედ ივანე-ფალავანი აირჩია. ივანე-ფალავანმა კი მეფის უმცროსი ქალიშვილი შეირთო ცოლად და დაიწყეს ბედნიერი ცხოვრება.
მეორე დღისით, ოცა ივანე-ფალავანის ცოლი ბაღში გამოვიდა, გაკვირვებით წამოიძახა:
_ ეს ვაშლი ვითომ არ ისხამდა და ეხლა კი, შეხე, როგორ დახუნძლულაო.
და მართლაც, უკვდავების ვაშლს ნაყოფი გამოესხა.

Leave a comment