აქტიური და შესაძლებელი ინტელექტი

აქტიური და შესაძლებელი ინტელექტის გაგება

თომას აქვინელსა და დიტრიხ ფრაიბერგერთან

შესავალი
ადამიანი, როგორც არისტოტელე ამბობს, ლოგოსის ანუ მეტყველების უნარის მქონე ცხოველია, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ის აზროვნებს, რადგან მეტყველება აზროვნების გარეშე წარმოუდგენელია, ის მასთანაა მიბმული და მისით ხორციელდება.  საინტერესოა თუ როგორ ხდება ადამიანში აზროვნება და როგორ ახერხებს ის საგნების შემეცნებას. ეს ის საკითხია, რომელიც არისტოტელემ წამოჭრა და წინამორბედებზე დაყრდნობით გამოიკვლია სულისა და სხეულის მიმართება, თუმცა ის მისი ტრაქტატის მიზნად „სულის შესახებ“ „ჭეშმარიტების წვდომას“ და „ბუნების შემეცნებას“  ისახავს. თალესი თვლიდა, რომ „სული ყველაფერშია შერეული“ ანაქსაგორა სულსა და სხეულს განასხვავებდა და თვლიდა, რომ ყველაფრის საწყისი გონება იყო, რომელიც “მარტივი, აღურეველი და სუფთაა“. ალკმეონი კი სულს უკვდავებას მიაწერდა, რომელიც მუდმივად მოძრაობაშია. არისტოტელეს წინამორბედნი სულს სამ თვისებას მიაწერდნენ: „შეგრძნებას, მოძრაობას და უსხეულობას“ თუმცა, არისტოტელესთვის ეს შეხედულებები მიუღებელი აღმოჩნდა, რის გამოც, მან თავად გადაწყვიტა ეკვლია სული და მის ძირითად თვისებად მიიჩნია მოძრაობა. მისთვის სული თვითმოძრავია, რომელიც ამოძრავებს არა მხოლოდ საკუთარ თავს, არამედ იმასაც, რაშიც იმყოფება. ვინაიდან და რადგანაც, სული სხეულში იმყოფება და სწორედ ისაა მიზეზი სხეულის მოძრაობისა, არისტოტელემ გადაწყვიტა, რომ სული სუბსტანციად ჩაეთვალა. სიცოცხლე, შემეცნება, სურვილი, გადაწყვეტილების მიღების უნარი, სწრაფვა, ზრდა, მოწიფულობა და სიკვდილი ის თვისებებია, რომლის საწყისადაც მან სული მიიჩნია.
არისტოტელემდე, განსაკუთრებით პლატონს, მიაჩნდა, რომ ადამიანის გარდაცვალების შემდეგ სხეული ლპება, იხრწნება, ხოლო სული, რომელიც ღვთაებრივი წარმოშობისაა რჩება. თუმცა არისტოტელე მას ეწინააღმდეგება და მიაჩნია, რომ „სხეულის სიკვდილის შემდეგ სულს აღარც გახსენება შეუძლია და აღარც სიყვარული, რადგან ეს სულის თვისებები კი არ არის, არამედ იმ დამაკავშირებელი მოვლენებისა, რომელიც დაიღუპა“. ეს მოვლენა კი არაფერია სხვა, თუ არა სხეული. არისტოტელე თვლიდა რომ არცერთს, არც სხეულს და არც სულს ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად არსებობა არ შეუძლიათ. მისთვის, ღვთაებრივი წარმოშობის არის გონება, რომელიც აქტიურია. ეს არის ის გონება, რომელსაც აქვს საგნების არსის წვდომის უნარი. ადამიანი, როგორც აღვნიშნე, მოაზროვნეა, მას აქვს ცნობიერება, რის მეშვეობითაც ახორციელებს სამყაროში არსებულ საგნებზე დაკვირვებასა და მათ შემეცნებას. ის არის არსება, რომელსაც აქვს შეგრძნების უნარი, რადგან მასში ხდება, როგორც შეგრძნების, ისე შესაგრძნობის განხორციელება. „მაგალითად, ხედვას უწოდებენ ხედვის განხორციელებას“.
არისტოტელეს სურს სულის კვლევა და იმის განსაზღვრა თუ რა არის ის. ერთ-ერთი კითხვა, რომელზე პასუხის გაცემასაც ცდილობს არის ის, თუ რომელს ეკუთვნის სული „შესაძლებლობას თუ სინამდვილეს“ სწორედ ეს არის საკვლევი თემა, აქტიური და შესაძლებელი ინტელექტი, თომა აკვინელი და დიტრიხ ფრაიბერგელი არისტოტელეს ტექსტზე აკეთებენ კომენტარს და ისინი თავიანთ შეხედულებას გამოთქვამენ ამ საკითხზე. უპირველეს ყოვლისა გამოვარკვიოთ თუ რა არის არისტოტელესთვის შესაძლებლობა და სინამდვილე ანუ აქტუალობა, შემდეგ აკვინელისა და ფრაიბერგელის შეხედულებები შესაძლებელ და აქტიურ ინტელექტზე და ბოლოს დასკვნის სახით, შევაჯამებ სამივე მოაზროვნის შეხედულებას აღნიშნულ საკითხზე.

არისტოტელე-შესაძლებლობა და სინამდვილე
გონება, როგორც დაფა, რომელზეც სინამდვილეში არაფერია დაწერილი

არისტოტელე სულს ორი თვისებით განსაზღვრავს: გადაადგილება და აზროვნება, განსჯა, შეგრძნება. აზროვნება და განსჯა მიჩნეულია შეგრძნებად, რადგან მათ აქვთ უნარი, რის მეშვეობითაც სული არსებულში რაღაცას არკვევს და შეიცნობს. რადგანაც აზროვნებასა და განსჯას აქვთ ეს უნარი, ემპედოკლე მიიჩნევდა, რომ ადამიანებს არსებულის საფუძველზე უვითარდებათ სიბრძნე. აქედან კი გამომდინარეობს შემდეგი, რომ ახალი ცოდნის მიღება ყოველთვის შესაძლებელი იქნება შეგრძნებისა და განსჯის ერთი და იგივე რამედ მიჩნევა შეცდომა იქნებოდა, რადგან შეგრძნების უნარი ყველა ცოცხალ არსებას გააჩნია და ის ხუთი სახისაა, ესენია: მხედველობა, სმენა, ყნოსვა, გემო და შეხება. განსჯა კი მხოლოდ ზოგიერთ ცოცხალ არსებას, ანუ მხოლოდ ადამიანს ახასიათებს.
წინამორბედებისაგან განსხვავებით, არისტოტელე ღმერთად იმას აღიარებს, რაც ყველაზე მაღლა მდგომი რეალობაა. მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გონებაა და მისით ყველაფრის შემეცნებაც შესაძლებელია.  ის სულის ნაწილია, რომელიც „სანამ არ აზროვნებს, რეალურად არაა არც ერთი არსებულ საგანთაგანი“. ამიტომ, ის ვერც სხეულში შერეულად ჩაითვლება. როგორც პლატონი ამბობს, „სული იდეების სამყოფელია“ თუმცა არისტოტელე შენიშნავს, რომ მსგავსი მხოლოდ მოაზროვნე სულია, რომელიც არსებობს არა რეალურად, არამედ შესაძლებლობაში.
ამრიგად, „გონება შესაძლებლობაში შეიცავს აზროვნების საგანს, სინამდვილეში კი არა, სანამ ის აზროვნებას არ დაიწყებს. შესაძლებლობაში კი გონება იმავე მდგომარეობაშია, როგორც დაფა, რომელზეც სინამდვილეში არაფერია დაწერილი, ისევე, როგორც ამას ადგილი აქვს სულის შემთხვევაში, რომელიც არის აზროვნების საგანი, როგორც საგნები. მატერიის გარეშე აზროვნება და აზროვნების საგანი არის ერთი და იგივე, ისევე, როგორც ჭვრეტითი ხასიათის ცოდნა და შესატყვისი საგანი არის ერთი და იგივე“.

Intellectus actus-აქტიური ინტელექტი და  Intellectus possibitis-შესაძლებელი ინტელექტი
არისტოტელესთვის გონება ღვთაებრივია და არა ადამიანური. ის აქტიურია და შესაბამისად, მისთვის სწორედ ესაა უკვდავი და მარადიული. როგორც ტერმინები მიგვანიშნებენ, აქტიური ინტელექტი არის ის, რაც არსებობს რეალობაში, ის რაც განხორციელებულია, შესაძლებელი ინტელექტი კი არის შესაძლებლობაში მყოფი, რომლის განხორციელებაც ანუ რეალურად გარდაქმნაც შესაძლებელია. მაგალითად, სინათლე-რომელიც შესაძლებლობაში არსებულ უამრავი ფერს გარდაქმნის რეალურ ფერებად. აქედან გამომდინარეობს შემდეგი, „რეალური ცოდნა ემთხვევა საგანს, ხოლო ცოდნა შესაძლებლობაში წინ უსწრებს საგანს“.
აქტიური ინტელექტი წვდება საგნების არსს. მაგალითად, როდესაც ღმერთმა ადამს ცხოველებისთვის სახელების დარქმევა დაავალა, ნიშნავდა იმას, რომ ადამი მათ არსს უნდა ჩასწვდომოდა, რის მიხედვითაც შეძლებდა მათთვის სახელების დარქმევას. „სხეულის არსსა და სხეულს სული განსჯის, როგორც სხვადასხვა მდგომარეობაში მყოფს. რადგან სხეული არ არსებობს მატერიის გარეშე, როგორც პაჭუა ცხვირი, არსებობს როგორც რაიმე რაიმეში“.
გონება, მისთვის ყოველივეს გამაერთიანებელია. ის აერთიანებს სხვადასხვა მოვლენებს და აღიქვამს, როგორც ერთ მთელს.  მაგალითად, როდესაც ჩვენი გონება ხეს მიემართება ის ხედავს მის შემადგენელ ცალკეულ ნაწილებსაც, თუმცა აღიქვამს, როგორც ერთ მთლიანს ანუ ხეს. ის არსებობს რეალობაში, ხოლო მისი ნაწილები შესაძლებლობაში. „შეგრძნებადი მოვლენები შესაძლებლობაში არსებულ შეგრძნების უნარს რეალობად აქცევენ“. შესაძლებლობა ნიშნავს იმის უნარის ქონას, რომ ის გახდეს რეალური ანუ აქტიური.

თომა აქვინელი- აქტი და პოტენცია
როგორც ვნახეთ, არისტოტელემ განხილვის საგნად აქტიური და შესაძლებელი ინტელექტი აქცია. აქტი ეს არის სრულყოფილება, სისრულე, რომელიც პოტენციას აღემატება. პოტენცია, ისევეა მიმართული აქტისკენ, როგორც მხედველობა ხედვისაკენ. აქედან გამომდინარე, თუკი აქტი არსებობად იქნება მიჩნეული, პოტენცია არსებობის შესაძლებლობა გამოვა, რომელიც გამუდმებით არსებობისკენ მიისწრაფვის. თომა აქვინელთან სწორედ ამ არისტოტელესეულ წყვილს ვხვდებით აქტი და პოტენცია.  ის ახდენს არისტოტელეს კომენტირებას და ცდილობს საკუთარი პოზიციისა და შეხედულების დაფიქსირებასაც.  არისტოტელე საუბრობს შეგრძნებებზე, რომელიც ადამიანს იმ ორგანოების მეშვეობით მიეცემა, რომელიც საგნებს შეიგრძნობს არა მატერიით, არამედ ფორმის მიღებით. ის ამბობს, რომ „ყველა შეგრძნება არის შესაგრძნობი საგნის ფორმის მიღება მატერიის გარეშე. ე.ი. ის, როგორც სანთელი იღებს ოქროსა და სპილენძის გამოსახულებას და არა თვითონ ოქროსა და სპილენძს“. ეს ნიშნავს იმას, რომ გონებაში, რომელიც საგნების შემეცნებას ახორციელებს, ისახება არა თავად მატერიალური საგანი, არამედ მხოლოდ ამ მატერიის შესაბამისი ფორმა. თომა ამ აზრს, შემდეგ კომენტარს უკეთებს „ყველა პასიური საგანი/ნივთი მიიღება მოქმედისგან, იმდენად, რამდენადაც მოქმედი აქტიურია. ყოველი მიმღები, ფორმას მატერიის გარეშე იღებს, მას შემდეგ, რაც მოქმედი მოქმედებს არა მატერიით, არამედ ფორმით. მაგალითად, ჰაერი ცეცხლზე მოქმედებით იღებს არა მატერიას, არამედ ფორმას“.
როგორც აღინიშნა, შეგრძნების უნარი ყველა ცოცხალ არსებას აქვს, მათ შეუძლიათ მოისმინონ ის, რაც ჟღერს. „შეგრძნების ქმედება ნიშნავს, სმენას რეალობაში. და ქმედება იმისა, ვინც შეიგრძნობს, ნიშნავს ჟღერას რეალობაში. ორივე მათგანი ყოველთვის არ არის ქმედებაში. შესაძლებელია, ის რასაც სმენა აქვს, არ ისმენდეს და რასაც ბგერა აქვს, ყოველთვის არ ჟღერდეს“. როგორც არისტოტელე ამბობს, მოქმედებისა და მოძრაობის განხორციელება იმ საგანში ხდება, რომელიც განიცდის ზემოქმედებას. „იმის უნარის განხორციელება, რაც ბგერაა შესაძლებლობაში, არის ან ბგერა, ან ჟღერადობა რეალობაში. ხოლო განხორციელება სმენის უნარისა, არის სმენა“. რადგანაც მათი განხორციელება ხდება იმაში, რაც ზემოქმედებას განიცდის, აქედან გამომდინარეობს, რომ შეგრძნებისა და შესაგრძნობის განხორციელება მოხდება იმაში, რასაც შეგრძნების უნარი აქვს. ეს უნარი კი ყველა ცოცხალ არსებას გააჩნია.
როგორც ითქვა, არსებობს შეგრძნების ხუთი სახე. ის, რაშიც ხდება შეგრძნების განხორციელება, განასხვავებს მათ და ახდენს მათ დაყოფას, რის გამოც თითოეული გრძნობა თავის სათანადო ობიექტს აღიქვამს. მაგალითად, მხედველობა განასხვავებს თეთრსა და შავს, გრძნობა ტკბილს და მწარეს. ასევეა სხვა შემთხვევებშიც. „ჩვენთვის, განსხვავება თეთრსა და ტკბილს შორის არ არის მხოლოდ განსხვავება იდეებისა, რომელიც უნდა ეხებოდეს ინტელექტს, არამედ, ზუსტი განსხვავება გრძნობათა შთაბეჭდილებებს შორის, რომელიც გულისხმობს/ეხება მხოლოდ ზოგიერთ შეგრძნების უნარს“.  გამოდის, რომ მსგავსი  შეგრძნების უნარი შეხება იქნებოდა. თუკი განსხვავება შეხების ფუნქციაა, მაშინ შეხების არსებითი ორგანო სხეული არ იქნება. რადგან თუ ეს ასეა, მაშინ ობიექტი/საგანი უნდა იქნას განსხვავებული/გარჩეული  ხორციელი კონტაქტით და საგრძნობი ობიექტით ყველა სხვა შესაგრძნობი საგნებისაგან. ეს გაყოფა არ შეიძლება ზუსტად შეხების ატრიბუტი იყოს, როგორც განსაკუთრებული გრძნობა, არამედ, როგორც გრძნობების საერთო საფუძველი, როგორც რაღაც, რაც უახლოვდება ყველა მათგანის ფესვს, თვითონ “common sense”.  თეთრისა და ტკბილის განსხვავება აშკარაა, რადგან ერთი მხრივ ჩემზე შთაბეჭდილებას ახდენს სიტკბო და მეორე მხრივ სითეთრე. მათ შესაგრძნობად ორი შეგრძნების ორგანოა საჭირო. თუმცა, როგორც არისტოტელე ამბობს, საჭიროა რაღაც ერთი ძალა, რომელიც ორივე საგნის შეცნობას ახორციელებს. „ინტელექტი და გრძნობა მოძრაობენ მათი ობიექტებით, ერთი გაგებულია ჭეშმარიტი საგნით მის გასაგებად, სხვა კი საგრძნობი  საგნით, მის შესაგრძნობად. მაგრამ განსხვავებული და ურთიერთგამომრიცხავი გრძნობის ობიექტები იწვევს განსხვავებულ და ურთიერთგამომრიცხავ მოძრაობებს; ამიტომ, ერთი და იგივე მგრძნობიარე ან ინტელექტუალური უნარი არ შეიძლება იცოდეს რამდენიმე განსხვავებული და ურთიერთგამომრიცხავი ობიექტი ერთი და იგივე დროს“.
არისტოტელე სულზე საუბრისას ამბობს, „სანამ არ აზროვნებს, რეალურად არაა არც ერთი არსებულ საგანთაგანი“ რის გამოც ის ვერც სხეულთან შერეული იქნება. ის ეთანხმება ნათქვამს, რომ სული იდეების ადგილსამყოფელია. თომა ამასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ ეს სიტყვები სიცრუედ იმ შემთხვევაში ჩაითვლებოდა, თუკი სულის ყოველ ნაწილს ექნებოდა სხეულებრივი ორგანო. ამ შემთხვევაში კი იდეები მიღებული იქნებოდა არა მხოლოდ სულში, არამედ სულისა და სხეულის კომპოზიციაში/შემადგენლობში. ეთანხმება არისტოტელეს და ამბობს, რომ აქ ნაგულისხმევია სულის მხოლოდ ის ნაწილი, რომელიც არსებობს მხოლო პოტენციურად და რომელსაც არ გააჩნია ორგანო, ასეთი სული კი ინტელექტია.
შეგრძნებები, რომელსაც შეიგრძნობს ის, რაც შეგრძნების უნარი აქვს, ამას ვერ მოახერხებს, თუ შესაგრძნობი საგანი ძალიან ძლიერია. მაგალითად, ხედვის ორგანო ვერ აღიქვამს ზედმეტად კაშკაშა ფერებს, ასევეა სმენაც, ის ვერ შეიგრძნობს ძალიან ძლიერ ბგერას.  შეგრძნების უნარის განხორციელება სხეულის გარეშე წარმოუდგენელია, რადგან სწორედ სხეულია ის, რაც აერთიანებს შეგრძნების ორგანოებს. გონება კი არის ის, რომელსაც მოქმედება შეუძლია, როგორც თომა ამბობს, ქმედება მომდინარეობს, მხოლოდ მოქმედიდან, იმდენად, რამდენადაც მისი მდგომარეობა არის რეალური. აქედან კი გამომდინარეობს, რომ მოქმედი, შესაბამისი და უშუალო პრინციპები მის მოქმედებაში ერთად უნდა არსებობდეს ერთ ქმედებაში. თომა ამბობს, რომ არისტოტელე ინტელექტს უწოდებს, იმას, რაც სულის მიერ გაიგება, ეს კი აჩვენებს, რომ ის არ ამტკიცებდა ინტელექტის ცალკეულ სუბსტანციად არსებობას. მას არ გააჩნია სხეულებრივი ორგანო. ადამიანის სულის კეთილშობილება სცდება სხეულებრივი მატერიის სფეროსა და საზღვრებს. როგორც უკვე ითქვა, ინტელექტუალური სული შესაძლებლობაში არსებულია, მასშია იდეები უპირველესად და ეს იდეები, მოქმედის საშუალებით ხდება ობიექტი. ეს ხორციელდება მაშინ, როცა გონება მიაღწევს ჭეშმარიტ ცოდნას, რასაც შეიძლება რომ უკვე ეწოდოს ინტელექტი ქმედებაში. „ინტელექტი ჩვენ მხოლოდ ჩვენი ცოდნის მეშვეობით ვიცით, ჩვენ მას ვიყენებთ“.

დიტრიხ ფრაიბერგელი-აქტიური და შესაძლებელი ინტელექტი
დიტრიხს სურს გამოიკვლიოს რა არის შესაძლებელი ინტელექტი და რა სახისაა ის თავის არსში. თომასთვის ეს არის განსაზღვრული ბუნება და საყოველთაო საწყისის პოზიტიური არსი, რომელიც არსებობს პოტენციაში, რათა მიიღოს გონიერი სახეობები.  დიტრიხი თვლის, რომ მსგავსი განსაზღვრების მიღება არ შეიძლება. თომა თვლიდა, რომ ინტელექტი მისი არსით იყო ინტელექტი. დიტრიხი კი თვლის, რომ ყველა ინტელექტი, რომელიც თავისი არსითაა ინტელექტი არის ან არაფერი ან მოქმედება და არა შესაძლებლობა. როდესაც მას შერეული ბუნება აქვს, ის არის მოქმედებაში ან ქმედება, ეს შეიძლება იყოს ინტელექტუალური ქმედება და ქმედების ცოდნა. მისთვის ნათელია, რომ შესაძლებელი ინტელექტი არ არის საწყისი, ზოგიერთი არსის ფორმით ბუნებაში არსებულ პოტენციაში. მისთვის ინტელექტი არ მიიღება, როგორც ფორმა. დიტრიხი ეწინააღმდეგება თომას მოსაზრებას და ამბობს, რომ თუკი შესაძლებელი ინტელექტი იქნება პოტენციაში, სულიერი ორგანოს სახით, ის უნდა იყოს დაქვემდებარებული სუბსტანციურ ქმედებას. ის არისტოტელესეულ აზრს მიყვება და ამბობს, რომ შესაძლებელი ინტელექტი არის ყველაფრის გრძნობა, რადგან ის სულში არსებულია და ყველაფრად გახდომის შესაძლებლობა აქვს.
ადამიანი რაციონალური არსებაა, რადგან მისი სხეულიც ისეა მოწყობილი, რომ ჰქონდეს უნარი მიიღოს რაციონალური სული. დიტრიხი განიხილავს მაგალითს ნაყოფზე, რითიც აშკარა ხდება თუ რად მიიჩნევს ის შესაძლებელ და აქტიურ ინტელექტს. როდესაც გვაქვს თესლი, მასში თავისთავად იგულისხმება პოტენციაში მყოფი ნაყოფი. თესლი საბოლოო სახეს იღებს ნაყოფის სახით, ამიტომ მასში ყოველთვის მოიაზრება ნაყოფიც, რადგან არსებობს მისი ნაყოფად ქცევის შესაძლებლობა და ეს შეიძლება გაგებულ იქნას, როგორც გრძნობის უნარი.  ავერეოსის აზრით, შესაძლებელი ინტელექტი არის რიგით ყველაზე დაბალი გონება, რადგან ის დაფუძნებულია შეზღუდულ ინტელექტუალობასა და უმიზნო რაღაცაზე. საიდანაც მიიღება გონივრული სახეობები მოქმედი ინტელექტის ძალით. რიგითობა უფრო ნათელი რომ გახდეს, ეს შეიძლება განვიხილოთ სუბსტანციის შემთხვევაზე, ის ყველაზე აღმატებულია და სრულყოფილია, მის ქვემოთ იმყოფებიან ანგელოზები და შესაბამისად ისინი შედარებით დაბალი გონების მატარებლები არიან, მათ ქვემოთ ადამიანი იმყოფება, ის კიდევ უფრო დაბალი გონებაა და ა.შ. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ყოველივე, რაც რიგითობაში სუბსტანციის ქვემოთაა არ ნიშნავს იმას, რომ მისგან დაშორებულია, არამედ ყოველი მათგანი მასთან ნაზიარებია.
მოქმედი ინტელექტი შედგება სამი რამისაგან- მეხსიერება, აზროვნება და სურვილი, ეს შეიძლება გაგებულ იქნას, როგორც წარსული, აწმყო და მომავალი. ვინაიდან, მეხსიერება ინახავს ყველაფერ იმას, რაც უკვე იყო აწმყოში, აწმყო ეს არის აზროვნება, რომელიც ხდება ახლა, აწმყოში და მომავალი ესაა სურვილი, რომელიც განამდვილდება და შემდეგ გადავა მეხსიერებაში. თუმცა ეს სამი მათგანი არა სამი სიცოცხლე და სამი სუბსტანცია, არამედ ერთი სიცოცხლე და ერთი სუბსტანციაა. პროკულუსი ინტელექტს ჰიპოსტაზებს უწოდებდა, სადაც აგრეთვე სუბსტანცია შეიძლება რომ ვიგულისხმოთ თავისი სამსახოვნებით, მამა, ძე და სულიწმინდა.
პროკულუსი ამბობს „ყველაფერი არსებობს სამი გზით: ან მისი მიზეზით, ან მიდი არსით, ან მონაწილეობით“. ჭეშმარიტების ფორმის პრინციპით შესაძლებელ ინტელექტში, მოქმედი ინტელექტი თავად აქტიურდება, ჭეშმარიტი ფორმა კი არის შესაძლებელი ინტელექტის გადმოღვრილი არსი. აგენტი ინტელექტი ინდივიდუალურია და ყველა ადამიანისთვის ერთია.  ინტელექტი ქმედებაში არის თავისი არსით. ამრიგად, შესაძლებელი ინტელექტი ყოველთვის შესაძლებლობაშია რომ გახდეს მოქმედი. როგორც ნაყოფის მაგალითმა აჩვენა, თესლში ყოველთვის იგულისხმება პოტენციაში მყოფი ნაყოფი.


დასკვნა
რაციონალური არსება, რომელსაც აქვს ჭეშმარიტების შესაძლებლობა არის ადამიანი. მას აქვს შეგრძნებები და მათი მეშვეობით შეიგრძნობს საგნებს. მაგრამ მთავარი, რაც მისთვისაა დამახასიათებელი და არა ყველა ცოცხალი არსებისთვის, არის განსჯა. ის განსჯის უნარის მეშვეობით ახერხებს ჭეშმარიტების შემეცნებას.  შესაძლებელი და მოქმედი ინტელექტი, ეს ის საკითხია რომელზეც სამივე მათგანმა სცადა საკუთარი ხედვის ჩამოყალიბება, ერთი მათგანი მთლიანად არისტოტელეს ტექსტს ეყრდნობა, მეორე კი სხვათა ნააზრევსაც იყენებს. შესაძლებლობა ნიშნავს უნარს, რომ გახდეს მოქმედი. შესაძლებლობაში მყოფი ინტელექტის შემდეგ, არისტოტელე ყურადღებას ამახვილებს მოქმედ ინტელექტზე. სულის ინტელექტუალური ნაწილი შესაძლებლობასა და ქმედებას შორისაა და ორ განსხვავებულ პრინციპს შეიცავს. პირველია შესაძლებლობა, რომელის ყველა ჭეშმარიტ ცნებას შეუძლია გახდეს ნამდვილი და აგრეთვე პრინციპი, რომლის ფუნქციაც ამ ცნებების განამდვილებაა. სწორედ ეს არის აგენტი ინტელექტი საწყისი „ერთგვარი მდგომარეობისა“.ამრიგად, განსხვავება შესაძლებელ და მოქმედ ინტელექტის შორის შემდეგია,  შესაძლებელი ინტელექტი არის არსებითად პოტენციაში და ის მოქმედი ხდება მაშინ, როცა მიღებს ჭეშმარიტ ობიექტებს, ხოლო მოქმედი ინტელექტი შედგება არსებითად მოქმედებისაგან.
როგორც ვხედავთ, წმ. თომა პოტენცია-აქტის არისტოტელესეულ წყვილს იყენებს, რათა განსაზღვროს არსებათა სტრუქტურა, როგორც არსისა და ყოფნისგან გამომდინარე. არისტოტელესეულია ასევე მატერია-ფორმის წყვილიც, რომელიც, საგანთა კომპოზიციის დასახასიათებლად არის საჭირო. არისტოტელეს მიხედვით, მატერია საზღვრავს ფორმას, რომელიც არის გრძნობად მატერიაში მოთავსებული პლატონისეული ,,იდეა”. წმ. თომასთვის უპირველესია არსი, რომელიც ყოფნას საზღვრავს, ხოლო სხეულებრივ საგნებში კი ფორმას მატერია საზღვრავს. არსი საგნის მნიშვნელობაა, ბუნება იგივე არსია, რამდენადაც ის ქმედების შინაგანი პრინციპია, სუბსტანცია იგივე არსია, რამდენადაც ის თავისთავად არსებობს. როგორც ვნახეთ, თომასგან განსხვავებით დიტრიხისთვის მთავარი არსი არ არის, ის თვლის რომ ასეთ შემთხვევაში ინტელექტი იქნება ან მოქმედებაში, ან არაფერი, მაგრამ არა პოტენცია. ორივე მათგანი მათ პოზიციას ავითარებს არისტოტელეს ტექსტზე დაყრდნობით, თუმცა მათი ხაზები განსხვავებულია. დიტრიხი უფრო მეტად ცდილობს ნათლად განიხილოს განსხვავება მოქმედსა და შესაძლებელ ინტელექტს შორის. ის არ იფარგლება მხოლოდ არისტოტელეს ტექსტით და სხვათა მოსაზრებების გამოყენებით საკუთარ აზრს უფრო მეტად ამყარებს. თომა შემოფარგლულია არისტოტელესეული გაგებით და მასზე ახდენს საკუთარი შეხედულების განვითარებას.


  1. არისტოტელე. (2001). სულის შესახებ. თბილისი
  2. ბუაძე, თ. (n.d.). ადამიანის ადგილი სამყაროში. 2015 წლის 25 09  წმინდა პავლე მოციქულის სახელობის მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების ცენტრი: http://www.orthodoxtheology.ge/adamianisamkaroshi
  3. Thomas Aquinas. Sententia libri de Anima. Lectio 24  GENERAL CONCLUSIONS ON SENSATION
  4. Thomas Aquinas. Sententia libri de Anima. III 
  5. Dietrich of Freiberg – Threatise on the Intellect


Leave a comment