წიგნი, რომელიც სათაურის გამო წავიკითხე, შემიყვარდა

კითხვის დაწყებამდე, ალბათ თქვენც ფიქრობთ ხოლმე, რა წაიკითხოთ, როგორი ჟანრის განწყობაზე ხართ, ან სულაც იმას მოკიდებთ ხელს, რაც წამიერად მიიქცევს თქვენს ყურადღებას. ჩემს შემთხვევაშიც ასე მოხდა. სოფელში წასულს, თან მქონდა წაღებული წიგნები, თუმცა იმ წიგნების ნაცვლად, სულ სხვა წიგნი წავიკითხე. სრულიად შემთხვევით, ხელში ავიღე წიგნი, რომლის სათაურმაც შემაჩერა და მაფიქრებინა, ეს წიგნი, აუცილებლად უნდა წავიკითხო! ალბათ თქვენც მოგსვლიათ ასე და სათაურის მიხედვითაც შეგირჩევიათ წიგნი წასაკითხად. ვფიქრობ, ეს წიგნი თქვენს ყურადღებასაც მიიქცევს, განსაკუთრებით იმ ადამიანებისას, ვისაც წაკითხული აქვს ფრანც კაფკას “განაჩენი”. ჩემთვის კიდევ უფრო საინტერესო იმიტომ იყო, რომ ქართულია და რაღაც საოცარი ინტერესის სურვილი დამეუფლა, რა უნდა იმალეოდეს ამ სათაურის მიღმა, რატომ დაარქვა რევაზ ჩხარტიშვილმა მის რომანს “განაჩენი” და როგორ განვითარდება მასში მოვლენები. ვფიქრობდი, გაამართლებდა თუ არა იმ მოლოდინს, რომელიც სათაურმა შემიქმნა, რადგან ჩემი ფიქრები, მუდმივად კაფკას მოთხრობასთან იყო, სადაც მშობელი მამა, შვილს სასიკვდილო განაჩენს გამოუტანს. “ახლა მე შენთვის სასიკვდილო განაჩენი გამომაქვს – წყალში დახრჩობა!”

რევაზ ჩხარტიშვილის რომანი “განაჩენი” დეტექტიური ხასიათისაა, თუმცა მისი ძირითადი მიზანი, წარმოშობილი შედეგების მიღმა არსებული მიზეზების დადგენაა. რომანში კრიმინოლოგიის გარდა არის სიყვარულიც, პოლიტიკაც და სოციალური საკითხებიც. სწორედ ასე იწყება თხრობაც. რუსთაველის პროსპექტზე მომიტინგეების თავშეყრა, მოშიმშილეები და უსინათლო გოგოგნების სიმღერის გულში ჩამწვდომი ხმა. “ღმერთო, შენ მოუმართე ხელი ჩვენს შვილებს”, “ჩვენი თაობა თუ ვერა, შვილები მაინც მოესწრებოდნენ საქართველოს თავისუფლებას” – იმედის ნაპერწკალი უღვიოდათ დედებსა და მამებს. მილიციელებიც მათთან იყვნენ, მათ დასაცავად. მილიციის კაპიტანი, გენო კაკაურიძე იხსენებს, რომ ადრე ორ ადამიანსაც კი არ აჩერებდნენ ქუჩაში და სწრაფად დაშლისკენ მოუწოდებდნენ, “ეს ასე გვავალებდნენ. ჩვენც ბრიყვები, უსიტყვოდ ვასრულებდით ბრძანებებს, ანგარიშს არ ვუწევდით საკუთარ თავს, ერთხელაც არ დავფიქრებულვართ ამაზე”. ახლა კი, იგივე მილიციელები მათ დასაცავად გამოუშვეს.
რომანში მოთხრობილია ძარცვებსა და მკვლელობებზე, რომლებიც გაუხსნელი და დამნაშავეებიც დაუსჯელნი რჩებოდნენ. მილიციელები, რომლებიც დამნაშავეების ხარჯზე ხელს ითბობდნენ და შესაბამისად, მათ დაუსჯელებს ტოვებდნენ. ერთ დანაშაულს მეორე მოჰყვბოდა. კარგად იცოდნენ კვალის დაფარვა. რომანში ერთი მკვლელობა, აუცილებლად მიიქცევს ყურადღებას, რადგან ამ საქმეში დაიკითხება, სამმართველოს უფროსის მოადგილის, შალვა მანველაშვილის ვაჟი და მისი მეგობარი, გელა გელაშვილი, რომლის მამაც საავადმყოფოს მთავარი ექიმის მოადგილე და ქირურგიული განყოფილების უფროსი გახლდათ. ვაჟების დაკითხვის საჭიროება ჩნდება მაშინ, როცა ირკვევა, რომ მოკლული ქალის შვლიშვილს, ვაჟიკო გეგუჩაძეს თემო მანველაშვილთან ჰქონდა საუბარი და მასთან საუბრისას თქვა, რომ დედა მორიგე იყო და სახლში მარტო ბებია იმყოფებოდა.
მოკლული ქალბატონი, მაგდა გეგუჩაძის დედამთილი იყო. მაგდა ექიმი გახლდათ და მისი მეუღლე ჯონდი რესტორნებს ამარაგებდა სანოვაგით. მათი დიალოგისას კარგად ჩანს, რომ ვერა ბებიას სიკვდილზე მეტად, იმ ნივთებზე დარდობდნენ, რაც ძარცვის დროს წაიღეს.
“- რა წაიღეს? – ეს იყო პირველი კითხვა, რომელიც ჯონდიმ ცოლს დაუსვა.
-ყველაფერი. – იყო მოკლე და გაგულისებული პასუხი.
-ფულიც?
-ფულიც.
-ყველა?
-ყველა.
-უუჰ, მაგათი!.. სხვა?
-ყველაფერი!- მაგდას სახეზე მკვდრის ფერი ედო, ქმარს თვალებში ვერ უყურებდა.
-ოქროულობაც? – სული მისდიოდა ჯონდის.
-ოქროულობაც. – მაგდას თვალები ცრემლით აევსო. ცხვირსახოციანი ხელი თვალზე მიიფარა.
ჯონდის თვალები შიშველმა თითმა მიიტაცა. დააკვირდა.
-ბეჭედი? ექვსკარატიანი ბეჭედი?! – გადაირია ჯონდი.
მაგდას ტირილი წასკდა.
-ბეჭედიც წაიღეს?! – ხმას აუწია ჯონდიმ.
მაგდა ტიროდა.
– სად გქონდა, თითზე არ გეკეთა?! – კითხულობდა გონსგადასული ჯონდი.
– დამრჩა, მაინცდამაინც დღეს დამრჩა, -ნაწყვეტ-ნაწყვეტ ამოილუღლუღა ქალმა.
– უუჰ, მაგათი!.. “”
ჯონდი დაინტერესდა, თუ უთხრა მოპარული ნივთების შესახებ ცოლმა რამე გამომძიებელს და როცა პასუხად უარი მიიღო, ცოლს საქციელი მოუწონა. ისეთი დრო იყო, ყველა ეჭვის თვალით შეხედავდათ, საიდან ქონდათ ამდენი ძვირფასეულობა და ფული. ბეჭედი კი, რომელზეც ასე ღელავდა ცოლ-ქმარი ორმოცი ათასი იყო გადახდილი.
ვერა ბებიას მკვლელობის საქმე, ისევე დარჩა გაუხსნელი, როგორც სხვა დანარჩენი.
გელას მამა, ნიკო ჯერ კიდევ ნაწყენი იყო შალვაზე მისი შვილის დაკითხვის გამო და თითქმის ერთი თვე აღარც ეხმიანებოდა. შალვა ამაში პრობლემას ვერ ხედავდა და ნიკოს აუხსნა, განყოფილებაში თავიანთი მოვალეობა შეასრულეს და ეს უბრალოდ ფორმალობა იყოო. შალვა ფიქრობდა: “კიდევ კარგი, ყველაფერი მშვიდობიანად დამთავრდა, თორემ ნათაძის ვარაუდი რომ გამართლებულიყო, თავი გვექნებოდა მოსაკლავი. ნიკოზე მეტად პასუხისმგებლობა მე დამეკისრებოდა – სხვის შვილებს დავდევ კვალდაკვალ, გზას არ ასცდნენო, საკუთარს კი ვერ მოუარაო, მოდი და იმართლე თავი…” ის ესტუმრა მის მეგობარს და ისაუბრეს, მათ შორის წყენაც თითქოს მინელდა, რომელმაც თითქმის ერთი თვე გასტანა. გვიან კი შალვა ისევ განყოფილებაში გამოიძახეს.

საუბრები ბოლშევიკებზე, ლენინზე, სტალინსა და მათი მოღვაწეობის პერიოდზე. პარტიები სწორედ იმ ადამიანებს ემორჩილებოდნენ, ვინც ძლიერებას გამოიჩენდა. “ერთ პიროვნებას, თუ ის ძლიერია, ძალუძს ყველაფერი თავდაყირა დააყენოს. ბოლშევიკები თავგამოდებით გვარწმუნებდნენ, რომ ისტორიას ქმნის ხალხი და არა გმირებიო, მაგრამ თავიანთი პრაქტიკული მოღვაწეობით კი ყველაფერს პირუკუ გვიჩვენებდნენ”. ადამიანები პარტიის წევრები მხოლოდ იმიტომ ხდებოდნენ, რომ უზრუნველი ცხოვრება მოეწყოთ, რაც გამოსდიოდათ კიდეც. რომანში აღნიშნულ საკითხებზე საუბარს დიდი დრო ეთმობა, სადაც გამოხატულია ადამიანების დამოკიდებულება განვლილ და არსებულ პოლიტიკურ თუ სოციალურ მდგომარეობაზე.

ზემოთ ნახსენები გენო კაკაურიძე უბნის ინსპექტორი იყო და შესაბამისად, ყველას კარგად იცნობდა ვინც კი მის უბანში ცხოვრობდა. მისი საყვარელი ეკა კირთაძე იყო. ეკას ქმარი მეზღვაური გახლდათ და როცა გენომ მისი საქმიანობა გაიგო სახლში ეტუმრა, მის დაკითხვას და შემდგომ უკვე დაპატიმრებას აპირებდა. მეზღვაურებს მოქონდათ სხვადასხვა ნივთები და მათ უნებართვოდ ყიდიდნენ. სახლში მისულს ეკა დახვდა, ქალი, რომლის სილამაზეცა და მომხიბვლელობაც გენოს უყურადღებოდ არ დაუტოვებია და არც ქალი დარჩა მამაკაცის მიმართ გულგრილი. მიუხედავად მისა, რომ ორივე დაჯახებული იყო, ამას არცერთი მათგანისთვის არ შეუშლია ხელი. გენომ ეკას მეუღლე არ დააპატიმრა, თუმცა სამაგიეროდ მისი ცოლი საყვარლად დაიტოვა. რა თქმა უნდა, ეს თავად ეკას სურვილიც იყო. ერთ დღესაც, გენომ ეკას ძვირადღირებული ბეჭედი აჩუქა, რაზეც ეკა ხშირად ეკითხებოდა თუ სად იყიდა და რამდენი გადაიხადა. გენოამ კითხვას ყოველთვის თავს არიდებდა, ან რა უნდა ეთქვა, ზუსტი ფასი თავადაც არ იცოდა.

მთელი რომანის მიმდინარეობისას ცდილობ ყველა მოვლენა ერთმანეთთან დააკავშირო და თავად გამოიცნო, თუ რა მოხდება რომანის ბოლოს. ეჭვები რომლებიც ნელ-ნელა ჩნდება, უფრო გაახლოებს რომანის დასასრულთან და საბოლოოდ იმის გაგებასაც შეძლებ, თუ რატომ დაერქვა რომანს განაჩენი”.
ეკა კირთაძე უმუშევარი იყო, მას ყოფილი ქმრისგან შვილი ჰყავდა. ეკამ შვილი მშობლებთან წაიყვანა სოფელში, რათა თავად უფრო თავისუფლად ყოფილიყო. სახლში ყოფნით დაღლილმა, გენოს შესჩივლა, სამსახური უნდოდა, ოღონდ ისეთი, რომ არ დაღლილიყო. წინააღმდეგობის მიუხედავად, გენომ ბოლოს თანხმობა განუცხადა და სამსახურიც უშოვნა. ოღონდ ერთი რამ სთხოვა, ის ბეჭედი, რომელიც აჩუქა არ გაეკეთებინა. ეკა ასეც მოიქცა, თუმცა ერთ დღესაც, ვერ გაუძლო ცდუნებას და სამსახურში ამ ბეჭდით გამოცხადდა. ბეჭედი შეუმჩნეველი არავის დარჩენია, ერთმა თანამშრომელმა ისიც კი უთხრა, რომ მაგდა გეგუჩაძის ბეჭედს ჰგავდა, რომელიც ცოტახნისწინ მოპარეს. მოგვიანებით, თავად მაგდაც მივიდა ბეჭდის ამოსაცნობად. მაგდამ ბეჭედი იცნო და როცა თქვა, რომ ეს მისა, ეკამ იუარა და უთხრა, რომ ეს ბეჭედი დიდიხანია რაც აქვს.

დანაშაულებების ერთიანად გახსნა სწორედ ამ ბეჭდის წყალობით მოხდა, თუმცა მსხვერპლად ეკა შეეწირა. მეორე დღეს ეკა სამსახურში არ გამოცხადდა, არც წინა საღამოს გაუხსნა კარი მაგდასა და მის მეუღლეს, რომლებიც ბეჭდის სანახავად და იმ ადამიანის ვინაობის დასადგენად მივიდნენ, ვინც ეს ბეჭედი აჩუქა. სამსახურიდან ყველანი ეკას სახლისაკენ გაეშურნენ, იქ მისულებს კარს არავინ უღებდა. გაზის სუნი ეცათ და მილიცია გამოიძახეს. შიგნით შესულებს კი, გარდაცვლილი ეკა დახვდათ. ამ და ყველა სხვა დანაშაულის გახსნა იმ ქალის დამსახურებით მოხდა, რომელსაც ეკამ ბეჭდის მჩუქებლის ვინაობა გაანდო, ეს იყო მისი თანამშრომელი ლუბა. ის მიხვდა რაშიც იყო საქმე, მიხვდა, რომ ეკამ უამბო გენოს ბეჭდის ამბავი და მანაც კვალის დაფარვა გადაწყვიტა. როგორც ლუბამ ივარაუდა, ქალს კონიაკი დაალევინა, დაათრო, ჩაძინებული დატოვა და გაზიც მოუშვა, რომ გაგუდულიყო. ასე კვალი ვერავისთან მიიყვანდა და დამნაშავეც დაუსჯელი დარჩებოდა.
გენო კაკაურიძე დააკავეს, თუმცა გენო ვერაფრით ხვდებოდა, როგორ მიხვდნენ, რომ ამ ამბავში მისი ხელი ერია, ყველაფერი ისე გააკეთა, კვალი არ დაუტოვებია. მან არ იცოდა, რომ ეკამ ლუბას ყველაფერი გაანდო, ამის თქმა ეკას დაავიწყდა.

დაკავებული გენო, ნოდარ ნათაძესთან იყო დაკითხვაზე და მასთან საუბრისას გაიხსენა, თუ რატომ გადაწყვიტა ჯარიდან დაბრუნებულმა მილიციაში სამსახურის დაწყება. მიზეზი, ჯამაგირი და არაწესიერი გზით ორიოდე კაპიკის შოვნა იყო. “წესიერი გზით ფულის შოვნა ჩვენთან მწერალსა და ხელოვანს თუ შეუძლია მხოლოდ, ისიც ყველას არა, თითო-ოროლას, გამორჩეულს. თუმცა ეს სიბერეში ხდება, ახალგაზრდობაში კი მათაც სული ძვრებათ. უწესო გზით ფულის შოვნა გაცილებით იოლია, ვინაიდან ვინც უწესო გზით ცხოვრობს, ყველაზე კარგად ცხოვრობს, მდიდრულად და მსუყედ”. მასთან საუბრის შემდეგ, გენო იმავე კაბინეტში შალვა მანველაშვილს შეხვდა, რადგან მასთან შეხვედრას დაჟინებით ითხოვდა.

შალვა გენო კაკაურიძეს კაბინეტში ელოდებოდა . გენომ ყველაფრის დეტალურად მოყოლა დაიწყო და იმ ორ ახალგაზრდაზე უამბო, რომლებიც თავის უწესო ფულის შოვნის გზაზე გვერდით დაიყენა. ერთ დღეს, სამსახურიდან გამოსულმა სწრაფად მიმავალი თეთრი “ჟიგული” დაინახა. მას, როგორც გამოცდილ მილიციელს, რაღაც საეჭვოდ მოეჩვენა და უკან გაჰყვა. მალე მანქანა სინათლის ბოძს დაეჯახა, მისი გამოჩენისთანავე ბიჭები მანქანიდან გადავიდნენ და უცებ გაუჩინარდნენ. მანქანა კაცს დაჯახებოდა, თუმცა გენოს გასაჩერებლად არ ეცალა, კარგად იცოდა, სადაც შეიძლებოდა ბიჭების პოვნა და გამოუვიდა კიდეც. გაჩერდა, ბიჭებს გამოელაპარაკა და მანქანაშიც ჩაისვა. აქედან ერთი ჯანიანი, მეორე კი სუსტი იყო. გენომ ბიჭები იმ კაცის სანახავად წაიყვანა, ვისაც მანქანით დაეჯახნენ, იქ მისულებმა დაინახეს, რომ კაცი სასწრაფო მანქანაში შეჰყავდათ. როდესაც ბიჭებმა კითხეს, მოატყუა, რომ ის კაცი დაიღუპა. იქიდან წამოსულები გენომ თავის სამუშაო ოთახში შეიყვანა, სადაც ბიჭები მიხვდნენ, რომ გენო ორგანოს მუშაკი იყო და შიშისაგან კანკალი დაიწყეს. მათი ბედი გენოს ხელში იყო, ჯანიანი მამის ვინაობით ეტრაბახებოდა გენოს და როცა გაამხილა, გენო ყურებს არ უჯერებდა, თუმცა მისთვის ეს სიტუაცია მეტად სადარგებლო გამოდგა. ჯანიანის მამა გენოს ძველი ნაცნობი და ის პიროვნება იყო, რომელცამ ლამის სამსახურიც დააკარგვინა. გენომ ამ ბიჭების გვერდში დაყენება და მათთვის საქმის სწავლება გადაწყვიტა. ორივენი უნივერსიტეტში სწავლობდნენ. ერთი სამედიცინოზე, მეორე -პოლიტექნიკურში.
გენომ ბიჭებს დუმილის სანაცვლოდ ფული მოსთხოვა და მის მარჯვენა ხელს, მორფიკას მიჰგვარა გასაწვრთნელად. მორფიკამ ბიჭები თან წაიყვანა ქურდობისას, რასაც მკვლელობაც მოჰყვა. ეს ყოველივე მისი და გენოს დაგეგმლი იყო, ასე ბიჭები კიდევ უფრო მეტად ჩაითრიეს მათ საქმეში. ერთ ძარცვასა და მკვლელობას მეორე მოჰყვა და ასე გრძელდებოდა. ბოლო საქმეზე ბიჭები მარტონი წავიდნენ, რა დროსაც თანაკურსელის ბებია შემოაკვდათ. ეს ის მოხუცი ქალი იყო, რომლის გაძარცვისა და მკვლელობის საქმის გამოც შალვა მანველაშვილისა და ნიკო გომელაურის ბიჭებიც დაიკითხნენ. ეს მკვლელობა კი, როგორც გენომ უთხრა, მისთვისაც საბედისწერო აღმოჩნდა. ბოლოს კი ასე დაასრულა შალვასთან საუბარი: “ერთი სიტყვით, მე ჩემი ვთქვი და აწი თქვენს პასუხზეა დამოკიდებული, რა ჩვენება მივცე გამომძიებელს…”

დიახ, ეს ის სიტყვებია, რომელმაც შალვას ამცნობა, რომ მისმა და ნიკოს შვილმა ჩაიდინეს ეს დანაშაული. დიახ, მათ გაქურდეს და მოკლეს თანაკურსელის, ვაჟიკოს ბებია. მათ მიერ მოპარული მაგდას ბეჭედი კი,- გენომ ეკას აჩუქა. როგორც კი ეს ბეჭედი ნახეს ეკას თითზე, ამბის გამჟღავნებაც დაიწყო.
შალვა ცოტახანს თავჩაკიდებული იჯდა, ალბათ განაჩენის გამოტანაზე ფიქრობდა. შალვა მანველაშვილმა ჯერ კაკაურიძეს ესროლა, შემდეგ კი თავი მოიკლა. ჰო, ალბათ სწორედ იმ სიტყვებზე ფიქრობდა შალვა: “კიდევ კარგი, ყველაფერი მშვიდობიანად დამთავრდა, თორემ ნათაძის ვარაუდი რომ გამართლებულიყო, თავი გვექნებოდა მოსაკლავი.” მოიკლა კიდეც. განაჩენი მან საკითარ თავს გამოუტანა. რა მტკივნეული იქნებოდა მისთვის იმის გააზრება, რომ საკუთარი შვილი ვერ დაიცვა, ვერ აღზარდა ისე, რომ დანაშაულების ჩადენისგან ეხსნა. ის ხომ ყველაზე პატიოსანი ადამიანი იყო, ყველაზე პირნათლად სამსახურში მოვალეობას ის ასრულებდა. თუმცა, როგორც სჩანს, მან ეს მოვალეობა, როგორც მამამ ვერ შეასრულა და სწორედ ამიტომაც გამოუტანა საკუთარ თავს ასეთი განაჩენი.
ეს დასასრული, აუცილებლად გაგახსენებთ აკაკი წერეთლის გამზრდელს.
შერცხვენილი საფარ-ბეგი უამბობს ჰაჯი-უსუბს თავის დანაშაულს და მისგან მოელის ამ საქციელზე პასუხს. ის მზად არის სიკვდილისთვის, თუმცა მისი გამზრდელი სრულიად საპირისპიროდ ფიქრობს და საკუთარ თავს ადანაშაულებს და მის გაზრდილ საფარ-ბეგს ეუბნება:

“შენ სიკვდილის რა ღირსი ხარ?!
სასიკვდილო მე ვარ მხოლოდ,
რომ კაცად ვერ გამიზრდიხარ!”

ამ სიტყვების წარმოთქმის შემდეგ თავს იკლავს.




Leave a comment