ჰერმან მელვილი-მობი დიკი

„ რაც გინდათ ის დაარქვით ამ წიგნს,- „შედევრი“, „უდიდესი რომანი“- მნიშვნელობა არ აქვს. მთავარი ის არის, რომ თუკი იგი თქვენს გონებაში შემოვა, აღარასოდეს დაგტოვებთ.“ –

სომერსეტ მოემი

ეს არის მე19 საუკუნის რომანი, რომელიც მკითხველზე ძალიან დიდ გავლენას ახდენს. არ ვიცოდი, წერა როგორ დამეწყო, რადგან მისი წაკითხვის შემდეგ ჯერ კიდევ ფიქრებში ვარ და ვცდილობ, გავარკვიო ვინ არის მობი დიკი და საერთოდ რატომ ან რისთვის დაწერა მელვილმა ეს რომანი. ფიქრისა და სხვადასხვა რაღაცების კითხვის დროს ამ ციტატას შემოვხვდი და გადავწყვიტე, რომ ძალიან კარგი იქნებოდა თუკი ამას წინ წავუმძღვარებდი ნაშრომს. ამ რომანთან პირველად მქონდა შეხება და მართლაც გასაოცარია, ეს ის რომანია, რომელიც ჩემს გონებაში სამუდამოდ დარჩება. მინდა ვისაუბრო ყველაფერზე, რაც ჩემთვის მნიშვნელოვანი და იდუმალებით მოცული იყო, თუმცა ფიქრობ, ამ იდუმალების მიუხედავად მაინც შევძელი რაღაც- რაღაცების გაგება, ან შევეცადე, გამეგო. რომანი გამოირჩევა მრავალფეროვნებით, ამაში ვგულისხმობ ადამიანებს, რომლებიც ერთმანეთსაგან განსხვავდებიან კანის ფერის, ხასიათის, წარმომავლობისა და რელიგიის მიხედვით. რელიგია, ეს სწორედ ის თემაა, რომელიც გამუდმებით თან სდევს რომანს, თუმცა ეს გარდაუვალიცაა, ვინაიდან ამ რომანს მელვილი უძღვნის „ნათანიელ ჰოტორნს ნიშნად მისი გენიის თაყვანისცემისა.“

რომანის დასაწყისში ვკითხულობთ ამონარიდებს,  სადაც ნათლად ჩანს, რომ ეს ის რომანია, რომელშიც შევხვდებით ძალიან ხშირად კავშირს ბიბლიასთან. აქ მოყვანილია ციტატები „შესაქმედან“, „იობიდან“, „იონადან“, „ფსალმუნიდან“ და „ისაიადან“.[1] საინტერესოა, რომ ადამიანი, რომელიც იწყებს თხრობას, მოგვიწოდებს, დავუძახოთ ისმაილი. ეს არის ბიბლიური სახელი, თუმცა ამ რომანში მას ბიბლიისაგან განსხვავებით აქვს მთავარი როლი. რომანის ბოლოს ვხედავთ რომ ეკიპაჟიდან ერთადერთი ვინც ცოცხალი რჩება ისმაილია. მიზეზი კი რის გამოც ის ზღვას მიაშურებს ფულია. „აღმოვაჩინე, რომ ქისაში ფული თითქმის აღარ მომეძევებოდა და ხმელეთზეც აღარაფერი მეგულებოდა საინტერესო“.[2]  მართლაც თუკი ფული არ გაქვს, ვერც რაიმე საინტერეოს გააკეთებ, შესაბამისად რჩება მხოლოდ ერთი გზა, უნდა წახვიდე ფულის საშოვნელად. ვეშაპებზე ნადირობა პოპულარული და საკმაოდ მომგებიანი საქმე იყო, რის გამოც ისმაილი გადაწყვეტს ვეშაპსანადირო ხომალდზე მოხვედრას და ამის შემდეგ იწყება მისი თავგადასავალიც. სასტუმრო, რომელშიც ისმაილი მივა სიმბოლურად „ვეშაპის შადრევანი“ ჰქვია, აქ  მისული ხვდება ქვიქვეგს, რომელიც მეტად უცნაურად ეჩვენება და მისი დანახვისას თავიდან შიშიც კი იპყრობს. თუმცა შემდეგ ვხედავთ, რომ ორი სრულიად განსხვავებული ადამიანი შეძლებს დამეგობრებას.  ქვიქვეგს ის ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელ ადამიანს უწოდებს და ამბობს: „ მისი ჩამოყალიბება ჯერ კიდევ არ იყო დასრულებული, ჯერ კიდევ სწავლობდა. ცოტათი ცივილიზებული რომ არ ყოფილიყო, ფეხსაცმლით ნამდვილად არ შეიწუხებდა თავს; მეორე მხრივ, ჯერ კიდევ ველური რომ არ ყოფილიყო, ვერაფრით მოიფიქრებდა, ფეხსაცმელი საწოლქვეშ ჩაეცვა. “[3] როდესაც დევიდ ლორენსის ტექსტს ვკითხულობდი მობი დიკის შესახებ, სწორედ მას ქონდა სიტყვა “ცივილიზაცია“ ნახსენები, ამ ციტატით კი ვპოულობ კავშირს სწორედ იმ ცივილიზაციასთან, რომელზეც ლორენსი საუბრობს. ის ამბობს: „წინ კი არ ილტვოდა შორეული ნავსადგურისაკენ, არამედ შორდებოდა მის უკან მყოფ ყველა ნავსადგურს. ყველა ჩვენგანის უდიდესი განსაცდელი! ეს ჩვენი ცივილიზაცია, შორდება მის უკან მყოფ ყველა ნავსადგურს.“[4] ქვიქვეგში შეიძლება დავინახოთ საზოგადოება, რომელიც საერთოდ არ ცდილობს წინსვლას, განვითარებას და ყველა იმ ე.წ ნავსადგურს ტოვებს უკან სადაც ოდესმე ყოფილა გაჩერებული და მიდის საით? ალბათ არაფრისაკენ, თორემ თუკი განვითარება ენდომებოდა, აუცილებლად აიღებდა გეზს მომდევნო ნავსადგურისაკენ. ლორენსი ამბობს, რომ ადამიანები, დევნიან თეთრ ვეშაპს ანუ თეთრ ადამიანებს, აი ამ დევნაში სხვა ფერის, ყვითელი, წითელი და შავი ადამიანებიც იღებენ მონაწილეობას. სწორედ იგივეს ვხედავთ ეკიპაჟის წევრებში, ვხედავ სხვადასხვა ფერის ადამიანებს გაერთიანებულთ, თეთრ ვეშაპთან საბრძოლველად. თუმცა „მანიაკურ დევნაში,- ჩვენს ბედისწერას თვითმკვლელობამდე მივყავართ.“[5]

რომანში ასევე ჩემი ყურადღება მიიქცია კანიბალისა და ისმაილის დამეგობრებამ. ისმაილი გვეუბნება, რომ „როცა ჩიბუხს დავეთხოვეთ, შუბლი შუბლზე მომადო, წელზე ხელი მაგრად შემომხვია და მითხრა, რომ ამიერიდან ჯვარდაწერილები ვიყავთ.“[6] ეს ერთგვარი რიტუალი  მათი მეგობრობის დასაწყისი იყო. მეგობრობის კიდევ უფრო განსამტკიცებლად ისმაილი გადაწყვეტს თაყვანი სცეს მისი მეგობრის ღმერთს. ამის ახსნას კი ცდილობს იმით, რომ ის ქრისტიანია და ღვთის ნება ეუბნება, „ჩემს მოყვასს ისე მოვექცე, როგორც მე მსურს, რომ მომექცეს,- აი რა არის ღვთის ნება.“[7] თუმცა მე ვიტყოდი, რომ ამ სიტყვებში თაყვანისცემა სულაც არ იგულისხმება, ჩემთვის სრულიად სხვაგვარი ახსნა აქვს ამ სიტყვებს. მე მოვექცევი მას ისე, ანუ პატივს ვცემ და არ შეურაცხვყოფ მის რელიგიას, როგორც მინდა რომ ის მომექცეს, ანუ მანაც პატივი სცეს ჩემს რელიგიას. პატივისცემა კი აუცილებლობით არ მოითხოვს ისმაილის მსგავს საქციელს. გარდა ამისა ის კერპს „ხის ნაჭერს“ უწოდებს, ალბათ ბედის ირონიად უნდა ჩაითვალოს, რომ შუა ზღვაში სასიკვდილოდ განწირულს სწორედ ხის ნაჭერი, ქვიქვეგის კუბო გადაარჩენს და იხსნის სიკვდილისაგან.

ქვიქვეგი და ისმაილი ხომალდ „პეკოდზე“ ჩაეწერნენ და ზღვაში დანარჩენი ეკიპაჟის წევრებთან ერთად გავიდნენ. მისი კაპიტანი კი რამდენიმე დღე არავის უნახავს, ეს მეტად უცნაური შემთხვევაა, ისინი მიყვებიან იმ კაპიტნის ბრძანებას, რომელიც თვალით არასდროს უნახავთ. ისმაელს თითქოს არ უნდოდა გემზე ასვლა სანამ კაპიტანს არ ნახავდა და თითქოს წინასწარ ხვდება მომავალ უბედურებას, თუმცა ამაზე ფიქრი არ სურდა, „ როცა გული ცუდს გეუბნება და შენ კი უკვე ჩათრეული ხარ ამ საქმეში, ზოგჯერ შეუგნებლად ცდილობ, ეჭვები საკუთარ თავსაც არ გაუმხილო.“[8] სწორედ იმის გამო აღმოჩნდა ამ დიდ გაუგებრობასა და საფრთხეში რომ არ გაუმხილა ეჭვები საკუთარ თავს, ამ დროს გგონია, რომ ყველაფერი არ არის რიგზე, თუმცა ამ ფიქრებს ფარავ იმით, რომ მაინცდამაინც ცუდზე ნუ ფიქრობ, არაფერი მსგავსი არ მოხდება. საკუთარი თავისთვის არ გამოტყდომა და ის, რომ უკვე მართლაც ჩათრეული იყო ამ ამბავში ვხედავთ აქაბის ფიქრებში, როცა უკვე ბოლო დღეებია და ვეშაპს ებრძოლებიან, ის ხედავს, რომ დასაღუპად არის განწირული, მაგრამ არ უნდა უკან დახევა, იმიტომ, რომ უკვე ჩათრეულია და ვერ გაჩერდება. ყველაზე საინტერესო მისი ფიქრებია, ვინაიდან სწორედ ისაა მიზეზი ამ ნადირობისა, რომლიდან თავის დაღწევაც შეუძლებელია. სტარბეკს ეუბნება, „რაც იქ უნდა აღსრულდს, გარდაუვალად არის წინასწარ გადაწყვეტილი“, „მე მხოლოდ ბედის ხელქვეითი ვარ, მე მის ბრძანებას ვასრულებ მხოლოდ!“[9] მან კარგად იცის რომ შეუძლია ამ ყველაფრის შეწყვეტა, თუმცა არ სურს პოზიციის დათმობა, ის ვერ შეეგუება მარცხს, დამარცხებას დაღუპვა ურჩევნია. როგორც იობის წიგნში წერია „უგუნურს ღუპავს ბრაზი, ბრიყვს შური კლავს.“[10] ის სიბრაზე, რომელსაც ვეშაპის მიმართ გრძნობდა აქაბი, სიცოცხლის წყურვილზე უფრო ძლიერი იყო, სწორედ ეს ღუპავს, მას არ შეუძლია დაივიწყოს რაც მოხდა, ის ვერ ურიგდება იმ ფაქტს, რომ მან ვეშაპთან ბრძოლაში ფეხი დაკარგა. მისი სამი თანაშემწიდან სტარბეკი ერთადერთია, რომელიც ეწინააღმდეგება აქაბს, თუმცა აქაბი მაინც არ ითვალისწინებს მის ნათქვამს. კაიუტაში ყოფნის დროს სტარბეკი აფრთხილებს, რომ „ აქაბი მოერიდოს აქაბს; მოერიდე საკუთარ თავს, მოხუცო.“[11] რას ნიშნავს ეს? რისი თქმა უნდოდა  ამით სტარბეკს? აქაბმა ყველაფერი იცის, მან იცის რომ ის დაიღუპება და სწორედ ამას აფრთხილებს სტარბეკი, თუმცა ის ამისთვის მზადაა. ალბათ მზად იმდენად არა, რამდენადაც სიბრაზისგან დაბრმავებული. მარტო სტარბეკი არაა ვინც მას სიფრთხილისკენ მოუწოდებს, ის ხვდება გემებს და ვინც კი შეხვედრია „თეთრ ვეშაპს“ ყველა ურჩევს, რომ დაივიწყოს მასთან ბრძოლა, ამას აზრი არ აქვს. „სამუელ ენდერბის“ კაპიტანი, რომელმაც ვეშაპთან ბრძოლაში ხელი დაკარგა აქაბთან საუბრისას ამბობს, „ იცით თუ არა თქვენ, ჯენტლმენებო, ვეშაპს საჭმლის მომნელებელი ორგანოები ღვთიური განგებით ისე აქვს მოწყობილი, რომ მთლიანად ადამიანის ერთი ხელის მონელებაც კი არ შეუძლია! ეს თვითონაც კარგად იცის. ის, რასაც თქვენ თეთრ ვეშაპს სისხლისმსმელობად უთვლით, მისი მოუქნელობაა მხოლოდ და მეტი არაფერი.“[12] წარმოიდგინეთ, რა დაემართებოდა აქაბს ამის მოსმენისას, მაშინ როცა, ის შეპყრობილია მისი სიკვდილით, ეუბნებიან, რომ ვეშაპმა, რომელმაც ფეხი მოაჭამა, ეს ჩაიდინა არა განძრახ, არამედ სრულიად დაუდევრობით. ვეშაპის ამ მოუქნელობაზე მანამდე სტარბეკიც ესაუბრება, ის ვეშაპს უტყვ ცხოველს უწოდებს, რომელიც ბრმა ინსტიქტებით მოქმედებს, „პირუტყვის სიძულვილი ღვთის გმობაა და სხვა არაფერი.“[13] აქაბი ალბათ არასოდეს დაფიქრებულა თუ რატომ მოიქცა ვეშაპი ამგვარად. თავდაპირელად ხომ თავად დაესხა თავს, მას სურდა ვეშაპის მოკვლა და ის მხოლოდ თავს იცავდა, თუმცა მაშინ, როცა მის მიერ ჩადენილ ქმედებას მოყვა აქაბის დასახიჩრება, რა თქმა უნდა, მან მხოლოდ მეორე ეპიზოდი დაიმახსოვრა, ის დაასახიჩრეს. ვეშაპი რომ მომკვდარიყო მას პასუხი არ მოეთხოვებოდა, ხოლო თავად დამნაშავე ცდილობს შური იძიოს მსხვერპლზე, რომელსაც დევნიან. აქაბი, როგორც ზემოთ ვთქვი, მშვენივრად ხვდება რომ განწირულია, ის ამას არც გაურბის. სხვებს ამხნევებს და მოუწოდებს ბრძოლისაკენ მაგრამ თავად მოუსვენრადაა. „ო, რა მამაცურად ვდევნი სხვათა გულებიდან იმას, რაც საკუთარ გულში მესობა.“ [14] აქ კარგად ჩანს, რომ მას თავადაც აწუხებს, ის რაზეც ეკიპაჟის წევრები ესაუბრებიან, მაგრამ ამის აღიარება არ სურს, არ სურს, იფიქროს. „აქაბი არასდროს ფიქრობს; იგი გრძნობს მხოლოდ, მხოლოდ გრძნობს; ეს საკმარისია ყოველი მოკვდავისათვის. ფიქრი კადნიერებაა. მხოლოდ ღმერთს ეკუთვნის ეს უფლება, ეს პრივილეგია.“[15] ეს ერთგვარ თავის გამართლებად  შეიძლება ჩაითვალოს. აქაბი, რომელიც შურისძიებას ესწრაფვის, საუბრობს ღმერთის უფლებებზე, ეს სრული შეუსაბამობაა, თუკი ფიქრის უფლება მხოლოდ ღმერთს აქვს, მაშინ სამაგიეროს მიზღვაც მხოლოდ ღმერთის უფლებაა, ამ წინადადებაში აქაბი ამბობს მისი საქციელის საპირისპიროს.  აქაბი ამ ნადირობას შეეწირა. ვეშაპისთვის ნასროლი სასიკვდილო ბარჯის ლინმა „პეკოდის“ კაპიტანი აქაბი შეიწირა. მაგრამ დევნილი მალე მდევნელი გახდა და მთელი ეკიპაჟი დაღუპა. ერთადერთი გადარჩენილი, როგორც ეს აღვნიშნე ისმაილი იყო, ქვიქვეგვისთვის გამზადებული კუბო, ისმაილის გადამრჩენელი აღმოჩნდა.

ეს მართლაც დიდი წიგნია, სადაც ძალიან ბევრი რამის ამოკითხვაა შესაძლებელი, ეს არის წიგნი სადაც გაერთიანებულია მრავალი სხვადასხვა ქალაქში, კუნძულზე მცხოვრები ადამიანი, განსხვავებული კანის, რელიგიის და ენის ნიშნებით, თუმცა მათ ერთი საერთო მიზანი აქვთ, უფრო სწორად კაპიტნის მიზნის გარშემო გაერთიანებულები, დაედევნონ და დაამარცხონ თეთრი ვეშაპი. ლორენსის ინტერპრეტაცია ჩემთვის ძალიან საინტერესო აღმოჩნდა და თუკი რომანს კარგად წავიკითხავთ  დავუშვებთ იმასაც, რომ ეს ახსნა შესაძლოა სრულიად რეალური იყოს. ჩვენ ეკიპაჟის წევრებს შორის ვერ ვხედავთ ვერც ერთ თეთრკანიანს, ეს კი სწორედ იმაზე მიანიშნებს, რომ ეს ის საზოგადოებაა, რომელიც დევნის თეთრკანიანებს და მათ დევნაში უკან ტოვებენ ყველა ნავსადგურს, თუმცა გეზი არც მომდევნო ნავსადგურისაკენ უჭირავთ. გეენია, ჯოჯოხეთი, ამ სიტყვებს საკმაოდ ხშირად ახსენებს მელვილი, ეს მინიშნებებია, რომლებმაც სწორ ახსნამდე უნდა მიგვიყვანონ. გეზელი, ფრინველი, რომელიც ხელს უშლიდა წითელკანიან თეშტიგოს, რომელიც ალამს აჭედებდა, ფრინველმა ფრთა  ანძის წვერსა და ჩაქუჩს შუა მოაყოლა. ის „ წყალში გაუჩინარდა აქაბის ხომალდთან ერთად, რომელმაც, მსგავსად დამხობილი სატანისა, ჯოჯოხეთში ჩაფხუტის ნაცვლად თან წაიღო ცის ცოცხალი ნაგლეჯი.“ [16] და ბოლოს მაინც მრჩება კითხვა, თუ რატომ უწოდებს ისმაილი, როგორც მელვილი წერს ზანგების ეკლესიას, „ შავი პარლამენტის სხდომას ჯოჯოხეთში.“[17] ეს გაუგებარია, ვინაიდან ხომალდი სადაც ის იმყოფება არიან როგორც შავკანიანები, ასევე წითელკანიანები და ყვითელკანიანები, ის მათთან ერთად მიდის ერთი მიზნის განსახორციელებლად. შეიძლება თუ არა ვივარაუდოთ, რომ ისმაილი არის ადამიანი რომელიც დევნის თეთრკანიანებს და ამავე დროს სძულს შავკანიანები და მათ ეკლესიას ჯოჯოხეთად მოიხსენიებს, მაშინ როცა, ის თაყვანს სცემს კანიბალის ღმერთს, ის ქრისტიანობის ნათქვამს მხოლოდ ერთ შემთხვევაში იყენებს, ქვიქვეგთან, მაგრამ შავკანიანებთან ეს ავიწყდება. რას შეიძლება ნიშნავდეს ეს?- კონკრეტულ პასუხს ვერ მივაკვლიე თუმცა ვარაუდით, როგორც ვთქვი, ალბათ ეს არის სიძულვილი მათ მიმართ.

[1] ჰერმან მელვილი- „მობი დიკი ანუ თეთრი ვეშაპი“- ტომი I, ამონარიდები გვ.10 , პალიტრა L 2014

[2] ჰერმან მელვილი- „მობი დიკი ანუ თეთრი ვეშაპი“- ტომი I, 1.მოხაზულოა ისახება  გვ.25 , პალიტრა L 2014

[3] ჰერმან მელვილი- „მობი დიკი ანუ თეთრი ვეშაპი“- ტომი I, 4. ნაჭრის საბანი  გვ.55 , პალიტრა L 2014

[4] ჰერმან მელვილი- „მობი დიკი ანუ თეთრი ვეშაპი“- ტომი II, დევიდ ლორენსი- მობი დიკი გვ.380 პალიტრა L 2014

[5] ჰერმან მელვილი- „მობი დიკი ანუ თეთრი ვეშაპი“- ტომი II, დევიდ ლორენსი- მობი დიკი გვ.380 პალიტრა L 2014

[6] ჰერმან მელვილი- „მობი დიკი ანუ თეთრი ვეშაპი“- ტომი I, 10.გულითადუ მეგობარი  გვ.81 , პალიტრა L 2014

[7] ჰერმან მელვილი- „მობი დიკი ანუ თეთრი ვეშაპი“- ტომი I, 10.გულითადუ მეგობარი  გვ.82 , პალიტრა L 2014

[8] ჰერმან მელვილი- „მობი დიკი ანუ თეთრი ვეშაპი“- ტომი I, 20. ყველაფერი ამოძრავდა  პალიტრა L 2014

[9] ჰერმან მელვილი- „მობი დიკი ანუ თეთრი ვეშაპი“- ტომი II, 134. დევნა, დღე მეორე გვ.327 პალიტრა L 2014

[10] ბიბლია, ძველი აღთქმა, იობი, თავი მეხუთე (2), გვ.387   თბილისი 2013

[11] ჰერმან მელვილი- „მობი დიკი ანუ თეთრი ვეშაპი“- ტომი II, 109. აქაბი და სტარბეკი კაიუტაში გვ.327   პალიტრა L 2014

[12] ჰერმან მელვილი- „მობი დიკი ანუ თეთრი ვეშაპი“- ტომი II, 100, ხელი და ფეხი. „პეკოდი“ ხვდება „სემუელ ენდერბის“ გვ.187-188 , პალიტრა L 2014

[13] ჰერმან მელვილი- „მობი დიკი ანუ თეთრი ვეშაპი“- ტომი I, 36. შუაგემბანზე  გვ.206   პალიტრა L 2014

[14] ჰერმან მელვილი- „მობი დიკი ანუ თეთრი ვეშაპი“- ტომი II, 134. დევნა, დღე მეორე  გვ.328 პალიტრა L 2014

[15] ჰერმან მელვილი- „მობი დიკი ანუ თეთრი ვეშაპი“- ტომი II, 133. დევნა, დღე მესამე  გვ.329 პალიტრა L 2014

[16] ჰერმან მელვილი- „მობი დიკი ანუ თეთრი ვეშაპი“- ტომი II, 135. დევნა, დღე მესამე  გვ.343 პალიტრა L 2014

[17] ჰერმან მელვილი- „მობი დიკი ანუ თეთრი ვეშაპი“- ტომი I, 2. საკვოიაჟი გვ.33  პალიტრა L 2014

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s